Showing posts with label multitouch. Show all posts
Showing posts with label multitouch. Show all posts

Saturday, May 29, 2010

მულტისენსორული ყავის მაგიდა (პირველი ვარიანტი)

როგორც იქნა მოვკიდე ხელი ბლოგს..

ყავის მაგიდა, რომელიც წინა პოსტში ვახსენე (და ეს იყო თებერვალში, ეხლა მაისია) ავაწყე მარტში. მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის გამოფენაზეც მქონდა გატანილი.

ესე იგი: ავაწყე ყუთი , ცოტა უცნაური კონსტრუქციის - ორმაგი გვერდები, გარე გვერდზე მაგიდის თავი დამაგრდება



ყუთის შუა ნაწილი დაიხურა და მის ძირზე განთავსდება კამერა და განათება


ზემოდან დამაგრდება მაგიდის თავი

დანარჩენს სურათებიც იტყვის:











საბოლოოდ გამოვიდა ასეთი რამ:






მაგრამ......

Sunday, October 25, 2009

მულტისენსორული ტექნოლოგიების პრეზენტაცია Mountain View-ში, კალიფორნია

მაუნთინ ვიუ (Mountain View) არის ერთ-ერთი პატარა, მყუდრო, მწვანე ქალაქთაგანი სილიკონის ველზე, სადაც იბადება და ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გენიალური წამოწყებები. ამ ქალაქში "ბინადრობენ" Google, LinkedIn, VeriSign, Mozilla, აქვე მეზობელ ქალაქში - "ფეისბუქი" და სხვა ცნობილი კომპანიები.

მაუნთინ ვიუში რამოდენიმე ენთუზიასტმა პროგრამისტმა ჩამოაყალიბა კლუბი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალთათვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს, და გამოიყენოს კლუბის ტერიტორია სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად, პრეზენტაციის მოსაწყობად, ლექციის ჩასატარებლად, თუ უბრალოდ საღამოს სამუშაოდ. (ჩვენთანაც კარგი იქნებოდა ასეთი კლუბის გაკეთება!!!)

"ჰაკერების ტაძარი" ინგლისურად Hacker Dojo (Dojo იაპონურად ტაძარს ნიშნავს) დაინტერესდა ჩემს მიერ შეთავაზებული მულტისენსორული ეკრანის პრეზენტაციის იდეით და შემომთავაზა მისი ჩატარება. მუშა ეკრანი ჩემი სან ფრანცისკოში ყოფნისას მოვამზადე. თბილისიდან წავიღე ორგანული მინა და კამერა, დანარჩენი იქ ვიყიდე და დავამზადე - ჩარჩო, ინფრაწითელი განათებები, კალკა - უკანა პროეცირების ეკრანის მაგივრად.
პრეზენტაცია დოჯოს კალენდარში 15 ოქტომბერს დაიგეგმა და ჩემი ნახელავით ჩავედი სან ფრანცისკოდან მაუნთინ ვიუში. პრეზენტაციისთვის აუცილებლად მჭირდებოდა პროექტორი და კომპიუტერი. პროექტორი დოჯოში ჰქონდათ, კომპიუტერი ვერაფრით ვერ ვიშოვე. რომ არა გიორგი, ქართველი, რომელიც იქ ცხოვრობს, პრეზენტაცია ჩამეშლებოდა, ამიტომ მისი ძალიან მადლობელი ვარ. საერთოდ ბევრი ხალხის მადლობელი ვარ, დავითასი, რომელმაც გიორგები გამაცნო, გიორგისი, რომელსაც ვკითხე ვინმეს ხომ არ აქვს მეთქი კომპიუტერი და მეორე გიორგის კითხა და მას აღმოაჩნდა შესაფერისი და მათხოვა.
მოკლედ შესაბამისი მომზადების შემდეგ, პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ჩემმა პატარა კედელმა მშვენივრად იმუშავა. რამოდენიმე სურათიც გადავიღე.






ჩემი მაგიდა რუსთავი 2-ზე

ჯანომ რომ ნახა მაგიდა, ძალიან მოეწონა და კარგა ხანი "დამდევდა" უნდა გავაკეთო სიუჟეტიო, ჰოდა აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე და მაგიდაც მეტ-ნაკლებად გამზადებულია სარეპორტაჟოდ "საბავშვო ამბებში"

Monday, August 3, 2009

საცდელი ჩართვა

საცდელი ჩართვა იყო "უმტკივნეულო". მართალია, ყველა ინფრაწითელი გამნათებლები არ იყო "ამოქმედებული" და ეკრანის კიდეებში შეხების ამოცნობა ჭირდა, მაგრამ ზოგადად შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო. ჩემს მიერ შექმნილმა ინფრაწითელმა გამნათებლებმა გაამართლა.



Wednesday, July 29, 2009

უხილავი მზე

როგორც იქნა მოვახერხე ჩემს "კარადა-მაცივარში" საცდელად ინგრედიენტების შელაგება და საცდელად ჩართვა. ეს იყო დაახლოებით 3 კვირის წინ. სამწუხაროდ საცდელი ჩართვის სურათები და ვიდეო არ მაქვს, შემდეგ ჩართვაზე გადავიღებ.
ცდისას გამოჩნდა, რომ საჭიროა კარგი, თანაბარი ინფრაწითელი განათების უზრუნველყოფა ეკრანის ქვემოდან, რასაც ვერ ახერხებდა იბეიზე ნაყიდი 48 დიოდიანი ინფრაწითელი გამნათებლები (4 ცალი შევუდგი). ამიტომ რამოდენიმე დღის წინ დავიწყე წაგრძელებული ფორმის გამნათებლების აწყობა:

29სმX3სმ ზომის ბეჭდური პლატები მოვჭერი, გავასუფთავე და გავამზადე სურათის დასატანად:


დავიტანე ზედ გამტარების ნახატი, ფრჩხილების ლაქით :)


გავამზადე შიშვლად დარჩენლი სპილენძის მოსაცილებელი ხსნარი (წყალბადის ზეჟანგი+მარილმჟავა+წყალი) და ჩავაგდე მოსაწამლად:


მოწამლული ასეთი გამოვიდა:


ფრჩხილების ლაქი სცილდება აცეტონით:


და ბოლოს მივარჩილე ჩემი პაწაწუნა ინფრაწითელი დიოდები:


და შევაერთე კვების წყაროს.

ანათებს მზესავით...ოღონდ უხილავი მზესავით:



ეს ნათება მხოლოდ ღამის მხედველობის (ინფრაწითელ შუქს რომ აღიქვამს) კამერით ჩანს, შეუიარაღებელი თვალით - არა.

Monday, June 1, 2009

მაგიდის დიზაინი

მოკლედ ვიყავი იმ დღეს ელიავაზე. შევიდოდი რამე მაღაზიაში და ერთი საათი ვათვალიერებდი, გამყიდველები ცერად მიყურებდნენ და ალბათ ფიქრობდნენ ვინააო ესო, რა უნდაო, არაფერს არ ყიდულობსო (ელიავაზე ავეჯის აქსესუარების მაღაზიებში ვინც შედის, ყველამ იცის რას ყიდულობს, იმიტომ რომ ძირითადად ავეჯის ხელოსნები არიან ხოლმე). ვეძებდი ავეჯის იმ ნაწილებს, რომლითაც მოხერხებულად და მოხდენილად გამოვიდოდა მაგიდის კედლების (რომელიც ლამინატის იქნება) და ეკრანის მასალის შერწყმა. რაღაცეები დავიმახსოვრე (ძირითადად ალუმინის კუთხეები) როგორი პროფილების არსებობს, რომ მერე თავში მომეფიქრებინა რომლით უფრო კარგად გამოვიდოდა.
ჰო, ელიავაზე დიდი სარკეც მოვაჭრევინე, რომ გამესინჯა ჩემს პროექტორზე, თუ რამე გამოვიდოდა სარკით, მაგრამ ამაოდ: ფართოკუთხიან პროექტორზე, რომელსაც ეკრანზე დაცემის ძალიან დახრილი კუთხე აქვს, სარკით გამოსახულების "მოტეხვა" საკმაოდ რთულია (ტრაპეციას იღებ, რომელსაც ვერ გაასწორებ) და გადავწყვიტე სარკე საერთოდ არ გამოვიყენო და პროექტორი "პირდაპირი ხედვით" დავაყენო. ეს მაგიდას სიმაღლეს უმატებს და ეკრანის ერთ მხარეს ითხოვს დაახლ 20 სანტიმეტრის თავისუფალ ადგილს (გამოსახულება პროექტორიდან ამდენივეთი იწევს ზემოთ, კედელზე რო ანათებ), მაგრამ არაუშავს. გუშინ საღამოს "გუგლ-სკეჩაუფ"-ში მოვჯღაბნე დაახლოებითი დიზაინი. ამ თავისუფალი ადგილის სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად დინამიკებს ჩავსვავ და რამე რო იყოს, კლავიატურაც დაიდება (ან ყავის ჭიქები და ნამცხვარი :)). კომმენტს - ველქამ!




Thursday, April 30, 2009

Google Earth შენი ხელებით & კიდე სხვები

აი შეპირებული ვიდეოებიც:
Touch Google Earth


Python Multi Touch Applications